← HORIZONS

ახალი ფურცელი

დამოუკიდებელი ლექსები

ახალი ფურცელი *** თუ ქაოსმა შთანთქა შენი გული, თუ სიმართლე ჩაქოლეს და ჩაქრა… თუ გაგწირეს ვით იუდამ სული გაყიდა და მაშინათვე გატყდა… თუ სიკეთე გექცა საკნის კედლად, თუ კი მხარი მოგტეხეს და გყიდეს, თუ ბავშვურმა გულწრფელობამ გაგცა, და სასტიკი სიძულვილით გდიეს! მაშინ შენთან არის თავად ღმერთი და სამყაროს შემოქმედი გფარავს, აღარაფრის შეგეშინდეს მაშინ, როცა თავად უფალია ფარად… ნუ გაბრკოლებს ძაღლის ყეფა ღამით, როცა გზებზე ქარავნები ქრიან… თუ ჩურჩულით კრთება შენი გული, უფლის ხელებს იგრძნობ რანაირად?! გწამდეს ფიქრის უსასრულო ძალის, ყველა სიტყვას დააფარე კალთა, თუ კი ჩვევად ვერ გახადე წესი, ვერ შეძელი გამარჯვება ალბათ! შენ ხარ მტვერი მონაბერი მიწის, მიწა იყავ და იქცევი მიწად, თუ გაყიდე შენი სულის წილი, და აქციე სიყვარული გროშად, ვერ დაიდგავ შენ დიდების გვირგვინს, დრო ტრიალში ნამქერივით წაგშლის! თუ სამშობლოს ჩამოჰკიდე ტვირთი, დაგეწევა სამართალი გზაში! /თ.ტაბატაძე/. 2025წ.
“დედა-შვილობა” დედა-შვილობა, ღვთისმშობელის სადარი განძი, დედა-შვილობა, უკვდავმყოფი მარადიული, დედა-შვილობა, იდუმალი კავშირთა ძალნი დედა-შვილობა, ყოვლისშემძლე სული ღვთიური! სასწაულებში ახდენილი დედის ლოცვანი… ღმერთს მიწვდენილი, წმინდანებთან შევედრებული… დედა-შვილობა, საიდუმლოდ შეუცნობელი, უფლის მშობელი, შემოქმედი, თვით “ღვთისმშობელი”! უკიდეგანო, უსაზღვრებოდ შეურყეველი, დედა-შვილობა, დასაბამი სიტყვა ყოველი!
2025 წ.
"დაბრუნდი!" ვერ დაიჯერე, დაჯერება დაგაგვიანდა, სხვა სამოთხეზე წარმოდგენებს ეხდება ფარდა, გაუმაძღარი ეგო ისე აფორიაქდა, ვეღარ ამშვიდებს საყვარელი ვერც “ქარამ-ხანა”… და კაეფობენ კვლავ ფიქრები შემაძრწუნებლად, ისევ ამოდის სულში ხვია, შემოგხვევს ხელებს, ო, რა ცივი ხარ, რა უგულო შენდაუნებრად, როგორ იკემსავ განწირული დანემსილ ვენებს… და მაინც ირჩევ, ისევ ირჩევ ცეცხლისფერ ალებს, როგორც ტრამალებს გაშლილ ზღვაში აქროლებს გემი… უცხო მხარეში, უცხოდ მყოფელს დაფლეთილ ფრთებზე, ვერმოშუშებულ ჭრილობაზე გაყრიან მარილს… და ცრემლნარევი კვლავ მიაპობ დანისნულ სახლებს, სახლებს, უცნობი ქუჩებით და შორეულ ნატვრით…, დაბრუნდი, სანამ სინანული დაგაგვიანებს, დაბრუნდი, სანამ კიდევ შეგრჩა შენ თვალის ჩინი! რადგან, ხვალ უკვე, შესაძლოა იყოს გვიანი, რადგან, “ხვალ” იყო და იქნება წლების მპარველი, დაბრუნდი, სანამ კიდევ გახსოვს გალაკტიონი, სანამ, ჯერ კიდევ კიაფობენ სულის ლამპრები! სანამ, ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ისევ ანთია, უკვდავი ცეცხლი ჩაუმქრალი ბაგრატიონის, და გესმის ისევ მოჩუხჩუხე წყლების კაფია, ალაზნის ხმაში მოგუგუნე მჩქეფი რიონის! 2026წ
“ვი(ზიარებ) სა(ქართველო)!” ეძღვნება პატრიარქის გარდაცვალებას თითქოს სისხლი გაიყინა, როცა ზარმა ჩამოჰკრა, შენ რომ უფალს მიებარე, ეს ეპოქაც დასრულდა. მერე რა რომ სულის აფრებს მიაფარე სუდარა, და მუხლებზე დაჩოქილი შემოგაცვდა მუდარა… შენ ციურო ანგელოზო, საქართველოს ნუგეშო, ისევ აქ ხარ, არ წასულხარ, არსად, ფერი გეცვალა! შენ, სიკვდილზე გამარჯვებულს, ცამაც ფრთები შეგასხა, გადმოგვხედე, დაგვიფარე, დაგვილოცე ჩვენ ყანა! ციურ დასთან მიგაცილებს, მალე ანგელოზები, შეავედრებ საქართველოს მარად ჩვენზე მლოცველი! ზეცამ ფართოდ გამოაღო კარი, შესაგეგებლად, ჩვენ რომ ვგლოვობთ, იქ ზეიმი გაუმართავთ ქებათა… არ წასულხარ, ისევ აქ ხარ, ოდნავ ფერი გეცვალა, გთხოვ, ზეციდან დაიფარე ახლა ჩვენი ქვეყანა.
2026წ.
*** ვერ დამიხია, ვერ შემაჭრა ფრთები განგებამ, ბევრჯერ სიმწრისგან ენისკვნეტით ჩამძინებია, გამოღვიძებულს კვლავ მადლობა გადამიხდია, სიცოცხლისათვის და სიკვდილი დამილოცია! ვერ დამაჩოქა, შემარყია და ვერ გამტეხა, მაინც ქა(ლ)რთული სისხლი მიდუღს მჩქეფარ ძარღვებში, მადლობა უფალს ყველაფრისთვის რაც მაბადია, არ გამაჩნია მე ამქვეყნად რწმენაზე დიდი. ------------------------------------------------------------------------ *** Fate could not tear nor clip my wings away, Though grief once stole my sleep till break of day. I thanked the Lord each dawn for life beneath, And blessed alike both life itself and death. It shook my soul, yet could not make me fall, Georgian blood still fiercely burns through all. I thank the Lord for every gift in sight, For faith alone remains my greatest light. Tamari Tabatadze. 2026წ
"ქალი" ქალი სავსე, ქალი ლაღი გრძნობით, ქალი სხივი, ქალი მზეთა ტოლი, ქალი ვარდის სურნელება შორი, თამარის და ნინოს მონაქროლი... ქალი მშვილდი, ხანჯალივით მჭრელი, ქალი ბასრი, ტყვიასავით მწარე, ქალი ნაზი, ბულბულივით მღერი, ქალი ნეკნი, კაცთა მოდგმის სარკე! ქალი ევა, ქალი ყველა ფერი, საგოგმანო, ხელით სატარები, საფერები, ნარნარი და ჭრელი ნუ მოწყვიტავ თუ სიყვარულს ელი!
2026წ.
"როდესაც გიყვარს ძლიერ!" როდესაც გიყვარს ძლიერ და როცა სუნთქვაც გიჭირს, როდესაც ცოტაც გყოფნის გაბრაზებული ტონი... როდესაც ყველა სიტყვას, აქვს მნიშვნელობა დიდი! როდესაც გიყვარს ძლიერ, და როცა სუნთქვაც გიჭირს!....... როცა ქარიშხლებს ებრძვი, ამ სიყვარულის ძალით, როდესაც ძლიერ ეტრფი, გატკბობს ყოველი წამი........... აბობოქრებულ ტალღებს, ამშვიდებს მისი ტანი... მაინც ებრძოდი ქარებს.. როდესაც იყო დარი... ----------------------------- მოდი ჩამკიდე ხელი, აღარ გამიშვა მეტად, ჩვენ შევაჩეროთ გემი.. ზღვაში შევცუროთ ერთად! როდესაც გიყვარს მეტად, ვიდრე სიცოცხლე შენი. როდესაც გყოფნის ცოტაც გაბრაზებული ტონი....... 2014 წ.
*** მე რომ მკითხოთ, რა სუნი აქვს სიცოცხლეს, გეტყოდით, რომ ნაწვიმარი მთის, ფერი, ზღვისფერ მეწამულის სიშლეგე, გემო, ტკბილი ალუბლების ხის. ხასიათი, ცოცხალი და თავნება, სილუეტი, სხეულის და ჯვრის, მე თუ მკითხავთ, რა ფასი აქვს სიცოცხლეს, გიპასუხებთ, მხოლოდ უფლის გზის! 2026წ.
“სიყვარული”
არის ხოლმე სიხარულის ტყვეობა, განცდა სულში ტყდება აშლილ ნისლებად, გულისცემა მაშინ ისე ხშირდება, გაჩერდება თითქოს ასე გგონია… არის დრო და გარდამტეხი წამები, როცა, სიკვდილ-სიცოცხლეა მსაჯული, ხვდები, მხოლოდ სიყვარული ყოფილა, მთელი შენი არსებობის მსახური! როცა, ძალა ეკარგება სიტყვებსაც, მხოლოდ გულსღა შერჩენია სათქმელი, ხვდები, თურმე სიყვარული ყოფილა, წარსულიდან სიცოცხლეში გამსვლელი! მაშინ მოდის ჟამი სულთა კურნების, უნებურად ხდები მისი მდევარი, სიყვარული უპირობო არსობის, სიყვარული საუკუნო მზე არის!
2026წ.
"დედაო ჩემო" დედაო ჩემო, დაწერილა რამდენი შენზე, რაღა დავწერო, რაც არ თქმულა, არ გამხელილა, დაუტეველი, ჯერ ართქმული სიტყვებით ვგვემე, მე ჩემი თავი, შენთან მყოფი რომ დამეტია... დედაო ჩემო, ღვთისმშობელო, უფლის ყვავილო, ვერ გამიბედავს შემოგკადრო ჩემი სიტყვები, ქართველთა ფარო და სიმტკიცევ შეურყეველო, შენგან ამოდის ყოველი მზე სადიდებელი! დედაო ჩემო, დაიფარე, გთხოვ, საქართველო, შენი წილხვედრი, ფრთამოტეხილ მტრედივით ფრინავს, რაღა მოგწერო, რა გიამბო ამაზე მეტი, შენი გაზრდილი, ნაფერები შვილები მტკივა...
"O Mother Mine" O Mother mine, so much of you is told, What can I write that words have yet to say, With untold words too vast for me to hold, I strained my soul to stay beside your way... O Mother mine, O Virgin, Heaven’s flower, I scarcely dare to speak these words of mine. O Georgia’s shield, unshaken in your power, From you each sun rises, glorious and divine! O Mother mine, protect Georgia, I pray, Your destined land, a dove with broken wings. What more can I write, what more can I convey? Your cherished children’s pain within me stings...
2026წ.